„მედიქალ ვორლდის ლაბორატორიამ“, გენეტიკურ კვლევებზე, ბათუმში კონფერენცია ჩაატარა

გენეტიკური დაავადებების თანამედროვე მიდგომებით დიაგნოსტირება ერთ–ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო სამედიცინო კონფერენციაზე, რომელიც სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ ჩატარდა.

კონფერენცია თემაზე – „გენეტიკური კვლევები პერსონალიზებულ მედიცინაში“ „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას 100–მდე ქართველი ექიმი დაესწრო.

მომხსენებლები იყვნენ „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიისა“ და ანკარის ერთ–ერთი წამყვანი ლაბორატორია „ინტერგენის“ ექიმი გენეტიკოსები.

„ცნობილია, რომ ონკოლოგიურ დაავადებებს ადრეულ სტადიაზე სიმპტომები და ნიშნები არ გააჩნია, ამიტომ, მნიშვნელოვანია, კონკრეტული გენეტიკური კვლევები, რათა დროულად იყოს აღმოჩენილი სხვადასხვა გენური მუტაცია. ეს კი ექიმებს პერსონალიზებული მკურნალობის შერჩევაში ეხმარება“, – განაცხადა „მედიქალ ვორლდის“ ჰოლდინგის დამფუძნებელმა, ლევან ქობალიამ.

აღსანიშნავია, რომ „მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ საქართველოში 2017 წელს დაფუძნდა. კომპანიამ 2020 წელს ბათუმის ფილიალი გახსნა, რომელიც დღემდე წარმატებით ოპერირებს. „მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ უმაღლესი ხარისხის, მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ავტომატიზებული ანალიზატორებითა და რეაგენტებითაა აღჭურვილი. ამასთან, კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რაც უზრუნველყოფს ანალიზების სიზუსტესა და ხარისხს.

„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ საქართველოში ერთ–ერთი დიდი ქსელური ლაბორატორიაა. კომპანიის ფილიალები ქვეყნის 14 ქალაქშია წარმოდგენილი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას 1000-ზე მეტი დასახელების კვლევის ჩატარება შეუძლია. მათ შორის, გენეტიკური და ონკოლოგიური კვლევების, რისთვისაც ნიმუშები თურქეთისა და გერმანიის პარტნიორ ლაბორატორიებში იგზავნება.

შეგახსენებთ, „მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ „მედიქალ ვორლდის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2003 წლიდან ოპერირებს და ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო, სპა და ველნეს აპარატურის იმპორტს ახორციელებს. ასევე ჰოლდინგის შვილობილია კერძო სასწრაფო სამედიცინო დახმარების კომპანია „მედ11“.

Cart