ცე-პეპტიდი

ნახშირწყლოვანი ცვლის მოშლით მიმდინარე დაავადებულების რიცხვი დღითიდღე მატულობს, ამიტომ აქტუალურია ლაბორატორიული კვლევები, რომლებიც ტარდება პრედიაბეტის, დიაბეტის, მისი ფარული ფორმის გამოვლინებისა და დროული მკურნალობის მიზნით.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლაბორატორიული კვლევაა ანალიზი ცე-პეპტიდზე. იგი ხშირად კეთდება გლიკოზირებულ ჰემოგლობინთან ერთად.
ცე-პეპტიდი არის ფრაგმენტი, რომელიც წარმოიშობა პროინსულინის გახლეჩვის შედეგად მისგან ინსულინის გამოყოფის დროს. მისი კონცენტრაცია სისხლში ზუსტად ასახავს ორგანიზმის მიერ ინსულინის წარმოქმნის უნარს.
მაინც რატომა არაა საკმარისი მხოლოდ ინსულინის განსაზღვრა სისხლში? აუცილებელია განისაზღვროს ცე-პეპტიდიც?
ინსულინი სინთეზირდება კუჭქვეშა ჯირკვალში. სისხლში შაქრის დონის მომატების დროს (ნახშირწყლების მიღების ანუ კვების შემდეგ) მისი ექსკრეცია მიმდინარეობს ღვიძლში, ნაწილი ილექება და ნაწილი იხარჯება შაქრის დონის დასაწევად, ამიტომ ინსულინის რაოდენობა სისხლში ნაკლებია რეალურად კუჭქვეშა ჯირკვალში სინთეზირებულ რაოდენობასთან შედარებით.
რაც შეეხება ცე-პეპტიდს, იგი არსად არ ილექება, ხვდება პირდაპირ სისხლში, გამოიყოფა თირკმლის მიერ და იგი გვიჩვენებს კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ გამოყოფილი ინსულინის რეალურ რაოდენობას. ცე-პეპტიდს არავითარი კავშირი არა აქვს გლუკოზის შემცველ პროდუქტებთან და კვებასთან, შესაბამისად მისი რაოდენობა არ მატულობს საკვების მიღების შემდეგ.
გარდა ამის, ცე-პეპტიდის ნახევრადდაშლის პერიოდი უფრო ხანგძლივია -20 წუთი, ვიდრე ინსულინის 4 წუთი, ამიტომ ცე-პეპტიდის დონე სისხლში უფრო სტაბილურია. ფარდობა ინსულინსა და ცე-პეპტიდს შორის ყოველთვის ერთნაირი არაა და გადახრა ან ერთ, ან მეორე მხარეს შეიძლება იყოს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის შინაგანი ორგანოების პათოლოგიის გამო.
ცე-პეპტიდის ლაბორატორიული ანალიზი კეთდება უზმოზე, მაგრამ კვლევის სიზუსტის და ინფორმაციულობის გაუმჯობესების მიზნით ანალიზი გაკეთდება დატვირთის შემდეგაც – იგულისხმება კვებიდან ან გლუკოზის ხსნარის დალევიდან 2 საათის, ან გლუკაგონის ინექციის შემდეგ (გამოიყენება იშვიათად). ზოგიერთმა პრეპარატმა (შაქრის დამწევმა, სტეროიდმა და ა.შ. შეიძლება შეცვალოს რეალური მაჩვენებელი).

ანალიზის ჩვენებები:
• შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკა (მიმდინარეობა, პროგნოზი, რისკის შეფასება, მკურნალობის სქემის შედგენა).
• ფარული ავტოიმუნური დიაბეტი. LADA
• დიფერენციალური დიაგნოსტიკა დიაბეტის პირველსა და მეორე ტიპს შორის.
• ბეტა უჯრედების ფუნქცონირების შესწავლა ინსულინოთერაპიის ფონზე.
• მოზარდებში ინსულინით მკურნალობისას რემისიის პერიოდის განსაზღვრა.
• ორსულზე და ნაყოფზე ზედამხედველობა (გესტაციური დიაბეტის დროსაც).
• კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნეების დიაგნოსტირებისთვის და მისი ამოკვეთის შემდგომი რეაბილიტაციის განსაზღვრისათვის.
• ჰიპოგლიკემიის დიფერენციალური დიაგნოსტიკა, ნაადრევი გამოვლინება.
• უნაყოფობის დიაგნოსტიკა. პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი .
• ღვიძლის და თირკმლის დაავადებების დროს ინსულინის წარმოქმნის დარღვევა.

ეს ანალიზი გვაძლევს საშუალებას გავაკეთოთ:
• დიფერენციალური დიაგნოსტიკა ხელოვნური ჰიპოგლიკემიის დიაგნოსტირებისათვის(ინსულინით გამოწვეული, ან პერორალურად მისაღები შაქრის დამწევი პრეპარატებით პერედოზირების დროს).
• როცა ცე-პეპტიდის დონე მაღალია და შაქარი ნორმაშია, სავარაუდოდ გვაქვს საქმე ინსულინორეზისტენტობასთან ან პრედიაბეტთან.
• ორივე მაჩვენებლის –ცე-პეპტიდის და ინსულინის მაღალი დონე -ნიშნავს იმას, რომ შაქრის დონის დასაწევად დანიშნული მედიკამენტების დონეა დასარეგულირებელი.
• ცე-პეპტიდის და გლუკოზის მაღალი დონეა მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს.
• მაღალია ცე-პეპტიდი კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნის, პოლიკისტოზის, თირკმლის ქრონიკული დაავადებების დროს.
• თუ ცე-პეპტიდის დონე დაბალია და შაქრის დონე მაღალი, მითუმეტეს თუ პაციენტი ახალგაზრდაა და არა ჭარბი წონით, უნდა ვიფიქროთ, რომ პაციენტს პირველი ტიპის დიაბეტი აქვს.
ეს ანალიზი საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ დიაგნოზის დასაზუსტებლად იგი განიხილება მხოლოდ სხვა ანალიზებთან და კვლევის სხვა მეთოდებთან ერთად.
გამოკვლევები დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ყოველთვის კომლექსურია და ძალიან მნიშვნელოვანი. ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების დროს დროული გამოკვლევები და დაწყებული მკურნალობა უნარჩუნებს პაციენტს ჯანმრთელობას და უხანგძლივებს სიცოცხლეს.

Cart