„ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრისა“ და „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ ერთობლივი აქცია ქედაში

აჭარის მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 29 ივნისს, ქედაში ერთდღიანი აქცია გაიმართა, რომლის ინიციატორი „ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრი“ იყო, მხარდამჭერი კი „მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“.

აქციის ფარგლებში 0-დან 18 წლამდე ასაკის მქონე ყველა პირისთვის უფასო კონსულტაციები ჩაატარეს „ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრის“ შემდეგი პროფილის ექიმებმა: ნევროლოგმა, კლინიკურმა ფსიქოლოგმა, ლოგოპედმა და რეაბილიტოლოგმა. ასევე უფასო იყო თავის ტვინის ვიდეო ეეგ გამოკვლევა (ენცეფალოგრამა).

„მედიქალ ვორლდის ლაბორატორიამ“ კი ამავე ასაკობრივ ჯგუფს უსასყიდლოდ ჩაუტარა რკინის, TSH-ისა და სისხლის საერთო ანალიზის კვლევა. ამასთან, 50%-მდე ფასდაკლება გავრცელდა ყველა დანარჩენ ლაბორატორიულ კვლევაზე.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გუნდს, რომელმაც მოსახლეობას საშუალება მოგვეცა აქციით გვესარგებლა. აქ ცხოვრობს ადამიანების გარკვეული კატეგორია, რომლებიც ვერ ახერხებენ ქალაქში წასვლას და შესაბამისად ვერ იღებენ ისეთ სამედიცინო სერვისებს, როგორიცაა: ანალიზები, რეაბილიტაცია, ფსიქოლოგთან კონსულტაცია და ა.შ. აქციის ფარგლებში კი ეს ყველაფერი ადგილზეა ხელმისაწვდომი, რაც ჩვენთვის დიდი საქმეა“, – განაცხადა ქედაში მცხოვრებმა მეგი დიასამიძემ.

შეგახსენებთ, „ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრი“ სამედიცინო რეაბილიტაციის მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც ორიენტირებულია ბავშვთა/მოზრდილთა ნევროლოგიური, ინტელექტუალური და მენტალური დარღვევების მართვაზე.

რაც შეეხება „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიას“, კომპანია საქართველოში 2017 წელს დაფუძნდა, რომელიც უმაღლესი ხარისხის, მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ავტომატიზებული ანალიზატორებითა და რეაგენტებითაა აღჭურვილი. ამასთან, ლაბორატორია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რაც უზრუნველყოფს ანალიზების სიზუსტესა და ხარისხს.

„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ საქართველოში ერთ-ერთი დიდი ქსელური ლაბორატორიაა. კომპანიის ფილიალები ქვეყნის 14 ქალაქშია წარმოდგენილი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას 1000-ზე მეტი დასახელების კვლევის ჩატარება შეუძლია. მათ შორის, გენეტიკური და ონკოლოგიური კვლევების, რისთვისაც ნიმუშები თურქეთისა და გერმანიის პარტნიორ ლაბორატორიებში იგზავნება.  

Cart