ვიტამინები და მათი დეფიციტი

D ვიტამინის დეფიციტი ანუ ჰიპოვიტამინოზი.

არსებობს დეფიციტის კიდევ უფრო მწვავე ფორმა — ავიტამინოზი, რომელიც ერთი ან რამდენიმე ვიტამინის პრაქტიკულად არ არსებობას ნიშნავს. ის, შესაძლოა, სხვადასხვა დაავადების მაპროვოცირებელი გახდეს.

რას იწვევს ვიტამინების ნაკლებობა?

ვიტამინების ნაკლებობა იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას. რა თქმა უნდა, დეფიციტი შესაძლოა განვითარდეს არა მხოლოდ წელიწადის კონკრეტულ დროს, არამედ სხვადასხვა დაავადებებისას.

რესპირატორული ინფექციების გადატანისას რიგი დაავადებების, ვიტამინების მოთხოვნის გაზრდის (ორსულობა, ზრდის პერიოდი) ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომ, დიეტის ან დაუბალანსებელი საკვები რაციონის დროს, ნაწლავის ნორმალური ფუნქციის, დარღვევისას.

სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ვიტამინის დეფიციტს ეხება საქმე, თუმცა ზოგადი მახასიათებლები შემდეგია:

  • საერთო სისუსტე
  • დაღლილობა, მოთენთილობა
  • დაქვეითებული მადა
  • ფრჩხილების მტვრევადობა
  • თმის ცვენა

 

რა ფუნქციას ასრულებს ვიტამინები?

პაციენტის ასაკი და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ვიტამინების დეფიციტისას უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, მზის სხივების ნაკლებობის გამო განვითარებული D ვიტამინის დეფიციტი მეტად ყურადსაღებია ბავშვებში და მოზარდებში, რადგან ამ ვიტამინის მთავარი დანიშნულება ამ ასაკში ძვლოვანი სისტემის ნორმალური განვითარებაა.

B ჯგუფის ვიტამინების როლი განსაკუთრებით დიდია უჯრედთა მეტაბოლიზმში და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში, მისი ნაკლებობისას ხშირია:

  • თმის ცვენა
  • ალოპეცია
  • გაჭაღარავება
  • კუნთების ტკივილი
  • სტომატიტი
  • გაღიზიანებადობა
  • B7 – ბიოტინის ნაკლებობა იწვევს თმის, ფრჩხილის და კანის სხვადასხვა პათოლოგიას.

 

C ვიტამინი — აუმჯობესებს კალცისა და რკინის ათვისებას ორგანიზმში, შესაბამისად მისი უკმარისობისას ქვეითდება იმუნიტეტი, ხშირია ღრძილებიდან სისხლდენა, იკლებს ქსოვილების რეგენერაციის უნარი, სუსტდება კბილის მინანქარი.

A ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია. ორგანიზმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი როლი ჯანმრთელი მხედველობისა და ბავშვების ზრდა-განვითარებისთვის. მისი დეფიციტისას შესაძლოა განვითარდეს “ქათმის სიბრმავე”, როდესაც ადამიანი ვერ ხედავს ცუდი განათებისას. ასევე გამოხატულია აკნე, ზიანდება თმის სტრუქტურა.

E ვიტამინი იცავს ადამიანს გულის და ნერვული სისტემის  დაავადებებისგან, რადგან აფართოებს სისხლძარღვებს და აფერხებს თრომბის გაჩენის პროცესს. მისი ნაკლებობა ნერვული სისტემის სხვადასხვა პათოლოგიის , კარდიოვასკულარული დაავადების რისკს და ანთებითი პროცესების განვითარების საფრთხეს ზრდის. ასეთი მწვავე სიმპტომები ახასიათებს ვიტამინების ნაკლებობის გართულებულ ფორმებს. დროული კვლევებით და შესაბამისი მკურნალობით შესაძლებელია დეფიციტის შევსება და მსგავსი პათოლოგიური პროცესების თავიდან აცილება.

სტატიის ავტორი

ჯულიეტა ჯიშიაშვილი

Cart